„ოცნების“ განახლება

გალერეა

1 jkljklრას გულისხმობს „ქართული ოცნების“ განახლების ახალი ეტაპი?! ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს საგანგებოდ მიმართა და პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძესა და პოლიტიკურ მდივანს გიორგი ვოლსკის რეგიონებში პარტიული კონფერენციების ორგანიზება დაავალა.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები კარგა ხანია, ურჩევდნენ „ქართულ ოცნებას“, რომ საკუთარი პარტიის სტრუქტურირებაზე ეზრუნა და არა კოალიციის გაძლიერებაზე, „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მაინც დაჩრდილულად გამოიყურებოდა კოლიაციის დომინანტ ძალებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მის უკან ანგარიშგასაწევი ძალა – ბიძინა ივანიშვილი იდგა.

მოხდება თუ არა ხელისუფლებაში მიმართულებების გადაფასება და გააქტიურდება თუ არა ზრუნვა პარტიული რესურსების განვითარებისთვის?! რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ „ქართული ოცნების“ იმ მომხრეებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის შემდეგ დაფასებას ელოდნენ და პარალელებს „ნაცმოძრაობასთანაც“ ავლებდნენ, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა საკუთარი აქტივისტების დასაქმებაზე.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში არსებობს უფრო კოალიცია „ქართული ოცნება“, ვიდრე პარტია „ქართული ოცნება“, მიუხედავად იმისა, რომ პირადად იგი დიდი ხანია, მოუწოდებს „ოცნებას“, რომ საჭირო იყო პარტიული ფლანგის განვითარება.

„ეს გახლდათ დაგვიანებული რეაქცია პრემიერის მხრიდან. ეს იყო ადამიანების მოზიდვაზე ორიენტირებული. ახლა აქვთ იმის მცდელობა, რომ კოალიციის ზოგადი მხარდამჭერები პარტია „ქართულ ოცნებაზე“ იყოს მობილიზებული და პარტია ამის ხარჯზე კიდევ უფრო განვითარდეს. რას გულისხმობს პრემიერი მათ დაფასებაში, ეს სხვა საქმეა. აქ არის არა მხოლოდ დასაქმება, ან დროებით დასაქმება და პარტიული სივრცით დასაქმება, არამედ ერთობლივი სამომავლო გეგმების შემუშავება. რაკიღა კოალიციის სახით იყო „ქართული ოცნება“ და ძირითადად ადამიანებს იწვევდა ძველი პრემიერი – ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ უკმაყოფილებაც მისკენ უფრო მიდიოდა. ახლა სულ სხვა რეალობას სთავაზობს ახალი პრემიერი.

ვფიქრობ, ეს უფრო ახალგაზრდა აუდიტორიაზეა აგებული და სწორიც იქნება, რომ პრიორიტეტი ააგონ ახალგაზრდების მოზიდვაზე პარტიულ განვითარებაში. ადამიანები მიხვდებიან, რომ რესურსები (მათ შორის, ფინანსური პერსპექტივებიც) „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ცალკეულ პარტიებს კოალიციაში. ამიტომ ბუნებრივია, საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი ჩართულობის მოლოდინი გააჩნია ამ პარტიას. თანაც, ამ კოალიციაში აქცენტი იყო გადატანილი თუნდაც პარტია „რესპუბლიკელებზე“, რომ ის იყო უფრო დომინანტური ძალა. თუკი პრემიერი გააძლიერებს იმ ფლანგს, რომ კოალიციაში ყველაზე ძლიერი პარტია იქნება „ქართული ოცნება“, ეს სწორ სტრატეგიად ჩაითვლება“, – აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ არჩევანის რესურსი პარტია „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე კოალიციაში შემავალ ძალიან ბევრ პარტიას, რომლებიც პრაქტიკულად უფუნქციოები და უშინაარსოები არიან. საზოგადოება ამ მხრივაც მოტყუებული დარჩა, რომ კოალიციაში ისეთი პარტიები შეიყვანეს, რომელთაც საქართველოს მოსახლეობა არასდროს აირჩევდა. თუ აქ მოხდება ფოკუსირება და პარტიული განვითარება წავა ეფექტურად (და არა ნახევრად ცოცხალ ან ნახევრად მკვდარ რეჟიმში), მაშინ, ბუნებრივია, პარტია „ქართული ოცნება“ ერთ-ერთი ყველაზე და ეფექტური იქნება, რომელიც დამოუკიდებელი სახით მოვა ხელისუფლებაში.

 

წყარო:

http://for.ge/view.php?for_id=30827&cat=2

 

დატოვე კომენტარი